ქართული ოცნების სათაო ოფისთან, სადაც საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს, სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ. აქტივისტებმა სამგლოვიარო მუსიკის ფონზე, მმართველი გუნდის ოფისთან გვირგვინიც მიიტანეს. მათ ადგილზე მიტანილი აქვთ ბანერიც, წარწერით: "არ შეგარჩენთ მოპარულ არჩევნებს".
აქტივისტების მთავარი მოთხოვნა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია. კერძოდ, მათი თქმით, გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომით არაფერი იცვლება და ქვეყანაში მდგომარეობა უკეთესობისკენ არ იცვლება.
"ქართული ოცნება არის დასრულებული. მან ვერ გაბედა ის რაც გაბედო 20 ივნისს. იმიტომ ვერ გაბედა, რომ საერთაშორისო ზეწოლა და ოპოზიციის ერთიანობამ და ქართულმა საზოგადოებამ ვერ გააბედინა, რომ ქართულ ოცნებას დავერბიეთ ჩვენ.
მელია უნდა დაეკავებინათ, სრულიად აბსურდული ბრალდებით. თვითონაც ხვდებიან,რომ ეს არის ქართული ოცნების დასასრული და ამ მინისტრებს არ სურთ ზედმეტი პასუხისმგებლობის აღება. ვინც არ უნდა დანიშნოს ოცნებამ, მას დათვლილი აქვს დღეები", - განაცხადა აქტივისტმა ნიკა ნარსიამ ფორმულას ეთერში.
გიორგი გახარიამ პრემიერმინისტრის პოსტი დღეს, 18 თებერვალს დატოვა. მისი თქმით, კონკრეტული ადამიანის მიმართ თუნდაც კანონიერი მართლმსაჯულებით განსაზღვრული ღონისძიების აღსრულება, თუ ეს რისკს უქმნის მოქალაქეების ჯანმრთელობას, სიცოცხლეს ან ქვეყანაში ქმნის პოლიტიკური ესკალაციის შესაძლებლობას, მისთვის მიუღებელი. გახარია ამბობს, რომ ამ საკითხში გუნდთან შეთანხმებას ვერ მიაღწია და სწორედ ამიტომ ტოვებს პოსტს.
რაც შეეხება ნიკა მელიას, მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა აღკვეთი ღონისძიება გირაო პატიმრობით გუშინ, 17 თებერვალს შეუცვალა. მელია მხარდამჭერებთან და ოპოზიციის ლიდერებთან ერთად პარტიის ოფისში იმყოფებოდა, სადაც ღამე გაათენა. დღეს დილით ოფისში მელიასთვის განჩინების ჩაბარებისა და მისი დაკავების მიზნით პოლიცია მივიდა, თუმცა ისინი შენობაში არ შეუშვეს.